"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.
კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
"მოგეხსენებათ, რომ დღეს მოპედის რეგისტრაცია არ ხორციელდება. მოპედების მართვისთვის არ არის საჭირო სპეციალური მართვის მოწმობა, შესაბამისად, ნებისმიერი პირს შეუძლია შეიძინოს და მართოს. მასზე მხოლოდ რამდენიმე რეგულაცია მოქმედებს - ჩაფხუტის ტარების აუცილებლობა და ის, რომ პირი ნასვამი არ უნდა იყოს", - თქვა დარახველიძემ.
კანონპროექტის თანახმად, ხდება მართვის მოწმობის ახალი კატეგორიების დამატება - AM-ის და A2-ის. AM კატეგორიაში გავა მოპედები, ხოლო A2 კატეგორიაში საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები.
მოპედების მართვის უფლება ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 16 წელი, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აიღებენ მართვის მოწმობას.
რაც შეეხება A2 ქვეკატეგორიას, ამ შემთხვევაში მოწმობის აღება მოქალაქეებს 18 წლიდან შეეძლებათ.
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით იხილავს.
ამავე თემაზე:
როდიდან იქნება სავალდებულო მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ დროში ჩაბარება - კანონპროექტი